აჭარული ხაჭაპურის "კონკურენტები"

აჩმა

კარგად გავთქვიფოთ კვერცხები, დავამატოთ ერთი ჭიქა წყალი, უმაღლესი ხარისხის ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი გავყოთ ექვს ნაწილად (ერთი ნაწილი შედარებით დიდი უნდა იყოს), შევდოთ მაცივარში დაახლოებით ერთი საათი. ქურაზე დავდგათ ფართოპირიანი თასი, ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ, შევაზავოთ ცოტა მარილით. ცომის ერთი ნაწილი კარგად გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცლის ზომაზე (რაც შეიძლება სიფრიფანა უნდა იყოს), ჩავდოთ ადუღებულ წყალში, გავაჩეროთ 1-2 წუთი, ამოვიღოთ ადუღებული წყლიდან და იმავე წუთში უნდა ჩავდოთ ცივ წყალში ერთი წამით, ამოვიღოთ, დავწუროთ ხელით ზედმეტი წყლისაგან; დავდოთ წინასწარ მომზადებულ კარაქწასმულ თუნუქის ფურცელზე და ზემოდან წავუსვათ კარაქი. ასე გავიმეოროთ ექვსივე ცომის გუნდის გაბრტყელება და მოხარშვა.
უმარილო ჭყინტი ყველის ან სულგუნისგან წინასწარ მოვამზადოთ გულსართი (დავფხვნათ ან დავჭრათ თხელ ნაჭრებად). დავდოთ ორი ფენა ცომი. მოვაყაროთ ყველი , ზემოდან ისევ ორი მოხარშული , კარაქწასმული ცომი. ბოლო ფენა უნდა იყოს ყველაზე დიდი. ამოვუკეცოთ გვერდები ცომს, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული ან არაჟანი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.ასეთი ხაჭაპური შეიძლება წინასწარ გამოცხობამდე დავჭრათ ულუფებად და ისე გამოვაცხოთ


მ ა ს ა ლ ა:
კვერცხი -5 ცალი 

წყალი – 1 ჩაის ჭიქა
კარაქი- 300-500 გრამი 
ფქვილი- რამდენსაც შეიზელს
ყველი- 1 კილოგრამი


მეორე ვარიანტი
4 კვერცხი
1 კგ ფქვილი 
კარაქი 2 შეკვრა (წინასწარ ავადუღებთ ჯამზე 5-10 წთ)
 ყველი 1 კგ.
კვერცხს ვუმატებთ 1 ჭიქაზე ცოტა მეტ თბილ წყალს, მარილს, ძმარს 1-2 სუფრის კოვზი და მოვზელთ მაგარ ცომს (კარგად უნდა მოვზილოთ - გაჭრისას უნდა ქონდეს ნასვრეტები).
გავჭრით 6 ნაწილად ("ჟარონის" ზომის მიხედვით), თითოეულ ნაჭერს გავშლით "კატალკით" დიდზე ჩავუშვებთ მდუღარე მარილწყალში, ამოვიღებთ "ქაფქირით" ჩაუშვებთ ცივ წყალში, ხელით დავწურავთ სიგრძეზე და გავშლით "ჟარონაზე".
I ფენა დავაფინოთ მოუხარშავი ფურცელი, წავუსვათ ცხიმი, დავაფინოთ II მოხარშული ფენა+ცხიმი, III ფენა+ცხიმი+ყველი, IV ფენა+ცხიმი, V ფენა+ცხიმი, VI ფენა მოუხარშავი ცხიმი - შემოვუკეცოთ გვერდები, დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად, შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ.               






იმერული სუფრა
საქართველოს კუთხეებს შორის იმერეთი გამორჩეულია თავისი სტუმარ-მასპინძლობით, იმერლები უპირატესობას ბოსტნეულით დამზადებულ ნიგვზიან კერძებს ანიჭებენ, მაგრამ იმერულ სუფრაზე აუცილებელია იმერული "ჭყინტი" ყველი და განუმეორებელი იმერული ხაჭაპური.
იმერული "ჭყინტი" ყველი ძროხის რძისგან დამზადებული უმარილო ყველია, სწორედ მისგან ამზადებენ იმერლები საქვეყნოდ ცნობილ უგემრიელეს ხაჭაპურს.
ხაჭაპური ჰქვია ქართულ ყველიან პურს ან ხაჭოიან პურს და წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილით იზილება; შიგთავსი კი როგორც წესი შეიცავს ყველს ან ხაჭოს, კვერცხით და კარაქით დაზელილს. იმერული ხაჭაპური უნდა იყოს მრგვალი ფორმის, თხელი და სასურველია კეცზე გამოცხვარი. სუფრასთან მიტანისას მას ოთხ ან ექვს ნაჭრად ჭრიან და ხელით ჭამენ.
რეცეპტი 1
მასალა:
1 კგ. პურის ფქვილი; 2 ჩაის ჭიქა მაწონი; 700-800 გრ. ცხიმიანი ყველი ;
მომზადება:
ცომი იზილება მაწვნით და კვერცხით. ცოტა ხანი უნდა გავაჩეროთ გასაფუებლად. როცა აფუვდება გააბრტყელეთ და ზედ მოათავსეთ ოდნავ მარილიანი დაფშვნილი ყველი. მოუკარით თავი, თხლად გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ.
რეცეპტი 2
მასალა:
500 გრამი პურის ფქვილი, 4 ცალი კვერცხი, 0,5 ლიტრი მაწონი (აჭრილი რძე, არაჟანი, ან რძე) 1 სუფრის კოვზი სოდა ძმრით, 300 გრამი გამდნარი კარაქი და მარილი.
მომზადება:
თასში მოვათავსოთ 500 გრამი პურის ფქვილი +2 ცალი კვერცხი +0,5 ლიტრი მაწონი + 1 ჩაის კოვზი სოდა +1 სუფრის კოვზი ძმარი + 200 გრამი გამდნარი კარაქი, დანის წვერით მარილი. მოვზილოთ რბილი (არაჟნის სისქის) ცომი.
მეორე თასში დავფშვნათ 800 გრ. ყველი დავახალოთ ორი კვერცხი, ცოტა მარილი და 100 გრ კარაქი და კარგად ავურიოთ.
დიდ დაფაზე მოვაყაროთ 200 გრამამდე ფქვილი და მომზადებული ცომი ამ ფქვილზე გადმოვიღოთ და კარგად შევაზილოთ ეს ფქვილი. ოდნავ გავაბრტყელოთ და მომზადებული ყველი ჩავდოთ შუაში. მოვუკრათ თავი და გადავიტანოთ ცხელ ცხიმწასმულ ტაფაზე. ახლა უკვე გავაბრტყელოთ მთელი ტაფის ზომაზე და შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში. გამოვაცხოთ 200 - 220 გრადუს ტემპერატურაზე კარგად დაბრაწვამდე. გამოღებამდე 2-3 წუთით ადრე გადავუსვათ კარაქი.      წყარო

რაჭული ხაჭაპური

რაჭული ხაჭაპური ბაჭულები

რაჭა მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. იგი საქართველოს ულამაზესი კუთხეა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურის რაიონების ტერიტორიას.


აქ მაცხოვრებელი ხალხისთვის მეტისმეტი სიდინჯეა დამახასიათებელი „ბოშო“. აქაურები უფრო მეტ უპირატესობას ლობიანს ანიჭებენ, მაგრამ ბაჭულებსაც ხშირად მიირთმევენ. ჩვენ გადავწყვიტეთ რაჭასთან ერთად საქართველოს მთიან რეგიონში გავრცელერბული ხაჭაპურის რეცეპტები მოგვეძიებინა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

ხაჭაპური
ხაჭაპური ქართული ეროვნული კერძია,
დაბრძანდით და მიირთვით ძალზე გემრიელია.
ძროხა გვაძლევს რძეს, მისგან ყველი კეთდება.
ყველის დამსახურებაა ხაჭაპურის კეთება.
ქართველისთვის ხაჭაპური გემრიელი კერძია,
რაჭველების ხაჭაპურს არაფერი ჯობია.
ყველაფერი გავაკეთეთ თქვენი კმაყოფილებისთვის
იმედია მოგეწონათ ვმუშაობდით მთელი გუნდი

თინათინ კილასონიას ლექსი

რაჭული ბაჭულები

რაჭულ ხაჭაპურს აქვს არა მრგვალი არამედ ოთხკუთხედი ფორმა. ავიღოთ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი, გავაბრტყელოთ ოთხკუთხედად შუაზე მოვათავსოთ კვფერცხში არეული დაფშვნილი ყველი, გადავკეცოთ ოთხივე კუთხე გული კონვერტისებურად. ზემოდან წაუსვათ კვერცხის გული და შევდგათ გამოსაცხობად აირღუმელზე ან კეცზე.
გიორგი ცხდაძე


ფშავ ხევსურული ხაჭაპურიმასალა:
ყველი -1კგ, ერბო ან კარაქი -300 გრ, პურის ფქვილი -2 ჩაის ჭიქა.
მომზადება:

დავფშვნათ ახალი ყველი, შევაზილოთ კარაქი და ჩავყაროთ ჭურჭელში რომელიც ცეცხლის პირას არის დადებული. შიგვე ჩავყაროთ ფქვილი ვზილოთ განუწყვეტლივ ხის კოვზით. დაახლოებით ერთი საათის დუღილის შემდეგ ამოვიღოთ ჯამებზე და ცხელ_ცხელი მივიტანოთ მაგიდაზე. ცხელ ხაჭაპურთან შეიძლება მივიტანოთ ცივი რძე.

ხაბიზგინა (ოსური ხაჭაპური)

მოვზილოთ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი და დავდგათ ასაფუებლად. როცა გაფუვდება, გავაბრტყელოთ, ბლომად დავაყაროთ დაფშვნილი ახალი ოსური ყველი და მოვუკრათ თავი. ტაფა კარგად გავაცხელოთ, დავდოთ ერბო და გამოვაცხოთ ხაჭაპური ორივე მხრიდან, შეწითლებამდე.
ჭვიშტარი (სიმინდის ფქვილის ხაჭაპური)

სუფთად გაცრილი სიმინდის ფქვილი მოვზილოთ რძესა და მაწონში. ავურიოთ ერთი-ორი კვერცხი. ამოვაგუნდაოთ გუნდა გავყოთ 2 ნაწილად და გავაბრტყელოთ, ერთი ფენა დავდგათ გახურებულ ქვის კეცზე, მოვაყაროთ 5-6 ჩაის ჭიქა დაფხვნილი იმერული ყველი, დავაფაროთ ზემოდან ცომის მეორე ნახევარი და გავაბრტყელოთ. ზემოდან მოვასხათ დაფხვნილი ყველისა და კვერცხის ნარევი. დავადოთ ნაკვერცხლები და გამოვაცხოთ გაწითლებამდე.      წყარო





მეგრული ხაჭაპური

მასალა: 1კგ ფქვილი, 30-50გ საფუარი, 2 ჩაის ჭიქა წყალი ან რძე, 5 სუფრის კოვზი ცხიმი, 3-4 ცალი კვერცხი ცომისთვის, 1კგ ყველი, 2-3 ცალი კვერცხი შიგთავსისთვის.

მომზადება: გაათბეთ წყალი ან რძე, გახსენით შიგ საფუარი, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი და მოზილეთ ცომი, შეაზილეთ ცხიმი შემდეგ მოაყარეთ ცოტა ფქვილი და დადგით თბილ ადგილას 3-4 საათი. დაფშვენით ყველი დაუმატეთ კვერცხი და ცოტაოდენი ცხიმი. გააბრტყელეთ ცომი მიეცით მრგვალი ფორმა,მოათავსეთ ზედ ყველის მასა მოუკარით პირი ზემოდან წაუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული და მოაყარეთ გახეხილი ან წვრილად დაფშვნილი ყველი. შედგით გასქურაში და გამოაცხვეთ.